განათლების მინისტრი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ X საუკუნის ნევმირებულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებს გაეცნო

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულ კრებულებს გაეცნო რომლებშიც საგალობლის ჰანგი ნევმებით – ძველი სამუსიკო ნიშნებით – არის ჩაწერილი.

ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს, თუმცა მასში დაცული საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ნევმირებულ ხელნაწერთა შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის იადგარი და ნევმირებული ძლისპირნი.

„დღევანდელი ჩვენი ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც საქართველოს ეროვნული საგანძურია დაცული, არ არის შემთხვევითი. X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულმა კრებულებმა, რომელიც დღეს ვნახეთ, ძველი სამუსიკო ნიშნები – ნევმები – შემოგვინახა. მათი კითხვის წესი საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერი სახით ვრცელდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ძველი სანოტო ნიშნების ამოხსნა. ხვალ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სწორედ ამ კვლევითი მიგნებებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები