“დემოკრატიის ხელი თავისუფლებას ყელში სწვდა” – როგორ ეხმაურებიან ასანჟის დაკავებას მსოფლიოში
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და პოლიტიკოსები ჯულიან ასანჟის დაკავებას ეხმაურებიან და რიგ განცხადებებს ავრცელებენ.
დიდი ბრიტანეთის შს მინისტრი, საჯიდ ჯავიდი სოციალურ ქსელში ადასტურებს ასანჟის დაკავებას და აცხადებს, რომ ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე წარდგება.
“მე შემიძლია, დავადასტურო, რომ ჯულიან ასანჟი ახლა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და სამართლებრივად წარდგება ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეკვადორს თანამშრომლობისა და პროფესიონალიზმისთვის. არავის შეუძლია, დადგეს სამართალზე მაღლა”, – აცხადებს საჯიდ ჯავიდი.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა განიხითხავს Wikileaks-ის დამაარსებლის დაკავებას.
“დემოკრატიის ხელი თავისუფლებას ყელში წვდა”, – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.
ამერიკული სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ედვარდ სნოუდენი, რომელმაც თავშესაფარი რუსეთში მიიღო, ასანჟის შემთხვევას “მსოფლიო პრესისთვის შავ მომენტს” უწოდებს.
ეკვადორის მთავრობას, ასევე, აკრიტიკებს ამავე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რაფაელ კორეა.
“ლენინ მორენომ მსოფლიოს საკუთარი ადამიანი სისუსტე აჩვენა, როდესაც ჯულიან ასანჟი ლონდონის სამართალდამცავებს გადასცა, რომელმაც არა მარტო თავშესაფარი მიიღო, არამედ ეკვადორის მოქალაქეც გახდა”, – განაცხადა რაფაელ კორეამ.