ნინო წილოსანი: ბახმაროს განვითარება რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პარლამენტის ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი დაბა ბახმაროში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას პრიორიტეტულად მიიჩნევს. “რეგიონისთვის მნიშვნელოვანია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული პროექტების მხარდაჭერა. ჩვენი რეგიონისთვის ბახმარო, ტურისტული მნიშვნელობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. ჩემი უშუალო მონაწილეობით, ბახმაროს უკვე მიენიჭა დაბის სტატუსი. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის საკურორტო ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.

უკვე სრულდება დაბის ელექტროფიკაციის პროცესი და, ასევე, შესაბამისი დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით, წყალგაყვანილობის პროექტის დაგეგმვა მიმდინარეობს, რაც სრულად მოიცავს და უზრუნველყოფს დაბის წყალმომარაგების საკითხს.
მინდა აღვნიშნო, რომ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, ბახმაროში მოეწყობა მცირე სკვერი და დასასვენებელი პარკიც. ამ საკითხზე გამოცხადებულია ტენდერი და მალე ველოდებით შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბახმაროს განვითარების მიმართულებით მსხვილი საინვესტიციო პაკეტების განხილვაზე მუშაობს”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები