შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი მოსახლეობას ხვდება
შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს ის ზემო და ქვემო თხილვანის, ბაკოსა და მთისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და, მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ბერიძის თქმით, ხულო რეგიონში ლიდერი უნდა გახდეს, რადგან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს ამის შესაძლებლობა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პარტიას ჩემი თანადგომისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს და მოახერხებს ხულოს მერობას, თუმცა, ამ მუნიციპალიტეტის მერი რომ იყო, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ხულოს. ხულოში, თქვენი ჩათვლით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არანაკლებ უყვართ ხულო. მე მომეცა დღეს იმის საშუალება, რომ თქვენთან ერთად ვიყო აქ და ვიბრძოლო გამარჯვებისთვის. ხულო უნდა გახდეს ყველაზე კარგი მუნიციპალიტეტი რეგიონში, რადგან ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს – ტურისტული რესურსიდან დაწყებული, ყველა მიმართულებით. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიყო, რაც ამისთვის ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს. სოფელში გავიზარდე მეც და კარგად ვიცი სოფლის სამუშაო. აქედან გამომდინარე, საუკეთესო მომავლის შექმნისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა სოციალური, ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომლით სარგებლობაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია. გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ, რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
შეხვედრებზე მისული მოსახლეობა დადებითად აფასებს ვახტანგ ბერიძეს. მათი თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ და იმედოვნებენ, რომ ბერიძე დანაპირებს შეასრულებს. “ჩვენთვის მისაღებია ვახტანგ ბერიძის კანდიდატურა და აღნიშნული თემი მზადაა, მაქსიმალურად მხარში დაუდგეს მას“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.