მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მერიისა და ამერიკის საელჩოს თავდაცვითი დეპარტამენტის ჰუმანიტარული ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს შორის, მიმდინარე და დაგეგმილი საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გივი გიუტაშვილი მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის საელჩოს თავდაცვითი დეპარტამენტის ჰუმანიტარული ურთიერთობების ოფისის წარმომადგენელს, მაიორ კვინტინ დოლის, ჰუმანიტარული ოფისის ხელმძღვანელს, დავით საანიშვილსა და მშენებელ ინჟინერთა ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინამძღვრიანთკარში, ახალუბანსა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხები, რომლებიც ამერიკული მხარის დაფინანსებით ხორციელდება.
„დაგეგმილია წილკანში მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობა 25 ბენეფიციარზე. მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის დაიწყება. სპეციალიზებული შენობა დამხმარე სათავსოებით, ერთსართულიანი იქნება და 400 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად განიხილეს და ისაუბრეს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მხარეებს დაეკისრებათ პროექტის გასახორციელებისას. დაიგეგმა ამერიკული მხარის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან, მშენებლობის დროს მათი რეკომენდაციების გასათვალისწინებლად“, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტები ჩვენს მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები