იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო

“ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისათვის, იტალიის მთავრობამ 2
მილიონი ევრო გამოყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ იტალიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
ვიზიტის მიზანი იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართული მხარისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარებაა.
“ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი
სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით, ასევე, თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების გახორციელებაა დაგეგმილი.
აღსანიშნია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება
სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება. ასევე, მოხდება საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება.
იტალიელი ექსპერტების ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ერთობლივი საველე გასვლები, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურების დათვალიერება და სამუშაო პროცესის ადგილზე გაცნობა, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების კუთხით უკიდურესად დაძაბული, მდ. ვერესა და ლეღვთახევის ხეობების შეფასება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები