შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი გახორციელდება
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა. რწმუნებულის შუალედურ ანგარიშსა და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი, პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარი, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების გახორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.
„72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების გახორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით გასახორციელებელ ღონისძიებებსაც“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, ინტერმუნიციპალური ცხოველთა მულტიფუნქციური თავშესაფრის მშენებლობისთვის მასშტაბური პროექტი გახორციელდება, რომელიც აღჭურვილი იქნება ვეტერინალური კლინიკით, ლაბორატორიითა და ვოლიერებით.
„ინტერმუნიციპალური იქნება ის ტექნოპარკიც, რომელიც კასპში შენდება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე.წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო დარბაზი, დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა, საპარკინგე ადგილის გამოყოფა და გამწვანება. მიმდინარე წელსვე, დაგეგმილია გამყოფი ხაზის მიმდებარე 11 სოფელთან მისასვლელი გზის დაგება და 21 სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და სპორტულ მოედნებს. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოეწყობა შიდა საუბნო გზებიც. 2019 წელს სარწყავი წყლის პრობლემა, დამატებით, 22 სოფელში მოგვარდება. კერძოდ, მდინარე თეძამზე აშენდება კაშხალი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამასთანავე, კაშხალზე წარმოშობილი სარწყავი წყლის მარაგით ასობით ოჯახი ისარგებლებს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა საქმიანობის შეჯამებისას აღნიშნა, აქტიურ ფაზაშია შესული რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. ამ დროისათვის, სამუშაოები 6 მუზეუმში უკვე წარმოებს. მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს გორის ციხის რეაბილიტაციაც, პარალელურად, დაგეგმილია სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და შემდგომი კონსერვაცია.
წელსვე, გაიხსნება გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, გორში აშენდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი და ხაშურში – საერთაშორისო დონის საფეხბურთო სტადიონი.
„თითოეული პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს გახორციელდება, დაგეგმილია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით. რეგიონის სოფლების უმეტესობა პირადად მოვიარე, შევხვდი მოსახლეობას და მათი დაკვეთა შეძლებისდაგვარად, ავსახეთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული თეთრი დაიხარჯოს მიზნობრივად და მოხმარდეს რეგიონის განვითარებას. ჩვენი მიზანია, სამუშაოები შესრუდეს ხარისხიანად და ამ პროექტების გახორციელებით მიღებული შედეგი თითოეული მოსახლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.