„სოლიდარობის ქსელი“: ვითხოვთ იმაზე მეტს, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს – ვითხოვთ შრომის ღირსეულ პირობებს

“სოლიდარობის ქსელი” იწყებს ხალხის “შრომის კოდექსისთვის” ბრძოლას. ჩვენ ვითხოვთ იმაზე მეტს, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს – ჩვენ ვითხოვთ შრომის ღირსეულ პირობებს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექცია ფასადური სამთავრობო ინსტიტუტია. „სოლიდარობის ქსელში“ აცხადებენ, რომ შრომის ინსპექციისთვის შრომის უფლებების შემოწმების მანდატის მინიჭებაა აუცილებელი.
„ევროკავშირთან ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში აღებული ვალდებულებები ქვეყნის კანონმდებლობასაც შეეხო. 2013 წელს მიღებული ახალი შრომის კოდექსი, სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოსადეგი იარაღი უკეთესი სოციალური წესრიგის შექმნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მუხლი 40-საათიან სამუშაო კვირას გვიწესებს, მეორე კი, თითქმის, ყველა ეკონომიკური საქმიანობისთვის 48- საათიან კვირას აკანონებს. ერთი მუხლი ზეგანაკვეთურ მუშაობას განსაზღვრავს, მეორე კი არაფერს ამბობს მის მაქსიმალურ რაოდენობაზე, მისი ანაზღაურების წესზე. ვხედავთ, რომ ადამიანებს, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, 60-80 და მეტი საათით უწევთ კვირაში მუშაობა. ვხედავთ, რომ შრომის ინსპექცია ჯერ კიდევ ფასადური სამთავრობო ინსტიტუტია. ისიც კვლავ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ზედაპირული მაგალითია. მას არც შრომის უფლებების ინსპექტირება შეუძლია სამუშაო ადგილზე და არც – უსაფრთხოების ნორმებისა (კომპანიის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე).
ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ იმედგაცრუებულ, დაღლილ დასაქმებულებს, რომლებსაც აღარაფერი დარჩათ, გარდა თანხმობისა ყველა შემოთავაზებულ პირობაზე. ვუსმენთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ გვაქვს კი ისეთი კანონი, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებს გადაჭრის?!
2015 წლიდან “სოლიდარობის ქსელი” დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვის. ამ ბრძოლის შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება ახალი თვითორგანიზებადი ჯგუფები, რომლებიც ხედავენ, რომ არსებული რეალობა არ არის უალტერნატივო, რომ შესაძლებელია და არსებობს უკეთესი ცხოვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაღაროელთან ერთად, განუკითხაობის ცენტრში თავს სუპერმარკეტის თანამშრომელიც მოიაზრებს. მაგრამ ჩვენ, ასევე, ვხედავთ იმას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით გვიცავს ფასადურად.
ჩვენ გვინდა, მთავრობამ გვაჩვენოს, რომ ძლიერი ადამიანების ქვეყნის მართვაც შეუძლია, რადგან აქამდე მხოლოდ ხალხის დაბეჩავებით შეინარჩუნა ძალაუფლება.
ჩვენ ვიცით, რატომ ვერ გამოხვედით 1-ელი აპრილის აქციაზე; ჩვენ ვიცით, რატომ ვერ მოაწყვეთ გაფიცვა; ჩვენ ვიცით, რატომ დატოვეთ სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ უფროსისთვის ჭკუა გესწავლებინათ.
ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ: 40-საათიანი სამუშაო კვირას ყველასთვის; უსაფრთხო სამუშაო გარემოს ყველასთვის; ზეგანაკვეთური ანაზღაურებას ყველასთვის; ხელფასის ზრდას ყველასთვის; დროს ფიქრისა და ცხოვრებისთვის; დასვენების დღეს ყველასთვის; ღირსეული შრომის პირობებს ყველასთვის.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება:
შრომის ინსპექციისთვის შრომის უფლებების შემოწმების მანდატის მინიჭება! შრომის კოდექსი ხალხისთვის და არა ევროკავშირისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „სოლიდარობის ქსელი” „შრომის კოდექსში” ცვლილების შეტანის მოთხოვნით პეტიციას ქმნის და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ „„სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლებმა – ნენო ჩარკვიანმა და რევაზ კარანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათივე თქმით, ამ პეტიციით ხელისუფლებას აჩვენებენ, თუ რამდენად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები