სასამართლომ შპს “დიღომი დისთრიქთ აფართამენთის” დირექტორს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ შპს “დიღომი დისთრიქთ აფართამენთის“ დირექტორს, რომელმაც ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მენაშენეებს ნაცვლად 50 ლარისა, დამატებით, 2000 ლარამდე ჩარიცხვა მოსთხოვა, 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, კომპანიის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების, ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით ბრალდების საქმეზე და მ.რ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის ბოლოს, ქ.ჟ.- მ შპს ,,დიღომი დისთრიქთ აფართამენთის“ დირექტორ მ.რ.-თან შეთანხმებით, ქ.თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მენაშენეებს მოსთხოვა, დამატებით, 1500 ლარის ჩარიცხვა შპს ,,რელაინის“ საბანკო ანგარიშზე, ხოლო, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ასევე 370 ლარის გადახდა, ნაცვლად რეალური ღირებულებისა, რომელიც შეადგენდა 50 ლარს.
2014-2016 წლებში შპს ,,დიღომი დისთრიქთ აფართამენთის“ ქ.თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ობიექტების მენაშენეების მიერ, შპს ,,რელაინის“ საბანკო ანგარიშზე, კომუნიკაციის შეყვანის მიზნობრიობით ჩარიცხულ იქნა 190 992 ლარი, ხოლო, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნობრიობით, ქ.ჟ.-ს მითითებულ შპს ,,რელაინის“ საბანკო ანგარიშზე – 67 100 ლარი, საიდანაც 21 915 ლარი გადარიცხულ იქნა საჯარო რეესტრის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილ თანხას დაეუფლა მ.რ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, მ.რ. შპს ,,ცენტრპოინტ ჯგუფის“ საორგანიზაციო განყოფილების უფროსს ქ.ჟ.-ს დახმარებით, მოტყუებით, დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ თანხებს, რომლის საერთო ოდენობა 236 177 ლარს შეადგენდა.
საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა, დაზარალებულთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული დოკუმენტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ მ. რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“,  – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები