გენეტიკური პასპორტი – დოკუმენტმა რუსეთის მოქალაქეები ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხისგან უნდა დაიცვას
2025 წლისთვის რუსეთში შესაძლოა, გენეტიკური პასპორტები გამოჩნდეს. მათ შექმნაზე ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში – ” რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის საფუძვლები ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში”.
ახალმა დოკუმენტმა რუსეთის მოქალაქეები ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხისგან უნდა დაიცვას.
ბრძანებაში ნახსენებია სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით მოსახლეობის გენეტიკური სერტიფიცირების, ადამიანის პირადი გენომის შესახებ ინფორმაციის დაცვისა და მოსახლეობის გენეტიკური პროფილის ფორმირების შესახებ. დოკუმენტი, ასევე, გულისხმობს სისხლის შრატის ეროვნული ბანკის შექმნასა და რუსეთში ინფექციური დაავადებების მონიტორინგის სისტემის განვითარებას.
კონკრეტულად, როგორ გახორციელდება პასპორტიზაცია და როგორი იქნება ეს პასპორტები, ბრძანებაში არ არის მითითებული.
ვინაიდან ბრძანება, ასევე, არ ხსნის, თუ რისთვის არის საჭირო აღნიშნული საბუთი, BBC-ს რუსულმა მაუწყებელმა გენეტიკის მეცნიერებთან სცადა გარკვევა.
“გასაგებია, რომ საქმე არ ეხება გენომის სრულ წაკითხვას. ფუნდამენტურად რომ განვიხილოთ, ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე არ არის საუბარი. სავარაუდოდ, საქმე ეხება ყველა ადამიანის იმ გენომის მიხედვით დახასიათებას, რომელიც მიდრეკილია გარკვეული დაავადებებისკენ”, – მიიჩნევს საერთო გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ილია ზახაროვი.
მის აზრს, ასევე, იზიარებს და განმარტავს მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი დაავადებების პრენატალური დიაგნოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვლადისლავ ბარანოვი.
“გენეტიკური პასპორტი, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის გენეტიკური ბაზაა – დნმ-ის მონაცემების ბაზა, სადაც ასახულია ადამიანის გენეტიკის უნიკალური თავისებურებები, მისი განწყობები სხვადასხვა დაავადების მიმართ, ან მისი უნარი, დაავადებები მემკვიდრეობით გადასცეს”, – აცხადებს ბარანოვი.