ზესტაფონში მოქალაქეებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის ოცდაათი წლისთავი აღნიშნეს. დილიდანვე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებმა, სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის სახელობის სკვერში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
9 აპრილის უშუალო მონაწილეებმა ოცდაათი წლის წინ საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები და 9 აპრილის გმირები გაიხსენეს.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, სასულიერო პირებმა, მრევლთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საკათედრო ტაძრიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობა მოაწყეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
9 აპრილის აღსანიშნად ზესტაფონში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა.
ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა.