„ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ვესაუბროთ 9 აპრილის მნიშვნელობაზე, რათა კარგად გაითავისონ თავისუფლების არსი და გაუფრთხილდნენ მონაპოვარს“
ბოლნისში, კულტურისა და დასვენების პარკში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს. ჩოხოსნებმა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, თეოდორე ცხოვრებაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება დაიწყო. მასში მონაწილეობა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ზვიად ჭუნაშვილსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მადლობა თავისუფლებისთვის”- ნამდვილად ეს სიტყვები ეკუთვნით გმირებს, რომლებიც, ზუსტად 30 წლის წინ, საბჭოთა არმიამ უმოწყალოდ დაჩეხა. სწორედ მათი გმირობა გახდა საყოველთაო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მიზეზი, რაც, საბოლოოდ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც ჩვენს თაობას კარგად ახსოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, სათანადოდ მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და მომავალ თაობებს ვესაუბროთ ამ დღის მნიშვნელობაზე, რათა კარგად გაითავისონ თავისუფლების არსი და გაუფრთხილდნენ მონაპოვარს, რომელიც უამრავ ადამიანს სისხლის ფასად დაუჯდა”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.