ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში, ნარჩენების ბიოსაწვავის წარმოებისთვის გამოყენება იქნება შესაძლებელი
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტის თანახმად, ხე-ტყით სარგებლობის გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობებზე შესაძლებელი ხდება არსებული მოთხრილ-მოტეხილი (ბუნებრივი პირობებით ან/და სტიქიური მოვლენების შედეგად) მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და მისი გამოყენება ბიოსაწვავის წარმოებისათვის.
აღსანიშნია, რომ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული დადგენილება ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ტყის ეკოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხანძრების პრევენციასა და მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე, ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტებისათვის ნედლეულის მოპოვების წყაროს შექმნას.
ლიცენზიის მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა, თავად აითვისოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ იგი შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს. ლიცენზიის მფლობელის მხრიდან დაინტერესების არ არსებობის დროს, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მის ათვისებასა და გაცემას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.