ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შეფასება ევროპული პრინციპებით მოხდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლებიც შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს სრულად ეფუძნება. შედეგად, ქვეყანა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით, თანამედროვე ევროპულ პრინციპებზე გადავა, რაც ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა ზონებად, სადაც ჰაერის ხარისხის მართვა ინდივიდური მიდგომებით მოხდება.
„აღნიშნული მიმართულებით, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და ეს პროგრესი გრძელდება; იზრდება და ახლდება მონიტორინგის ქსელი, ფართოვდება იმ ნივთიერებების სპექტრი, რომლებზეც მუდმივი დაკვირვება მოხდება; ეს ნივთიერებებია დარიშხანი, კადმიუმი, ნიკელი. ჰაერის ხარისხის მართვა თანამედროვე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით გახორციელდება. კერძოდ, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა ზონებად, სადაც ჰაერის ხარისხის მართვა ინდივიდური მიდგომებით მოხდება. იმ ზონებში, სადაც დაფიქსირდება დადგენილ სტანდარტზე მაღალი დაბინძურება, შემუშავდება და გახორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, დედაქალაქში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.