„საზოგადოების ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია და თანამონაწილეობის ხარისხი ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია”

„ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების საქმე, არამედ – ყველა უწყებისა და მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა. ამიტომ, საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ​მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. „გასულ წელს, მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით, პირველად ჩავატარეთ უწყებათაშორისი სწავლება სწორედ ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, სადაც პირველად მონაწილეობდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი – პრემიერმინისტრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ უნდა იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ჩართულნი სწავლებებში იმისთვის, რომ მათი მზადყოფნის ხარისხი კრიზისის, თუ ომის შემთხვევაში იყოს სათანადო. ჩვენი პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ეფუძნება, სწორედ, ამ ორ პრინციპს – თავდაცვისა და შეკავების პრინციპს. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის – როგორც პოლიტიკური, ისე – სამხედრო კომპონენტის ერთობლიობას, ანუ ისეთი გარემოსა და მზადყოფნის ისეთი ხარისხის შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება როგორც პოლიტიკურად, ისე – სამხედრო თვალსაზრისით. პოლიტიკური მხარდაჭერა კი, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ამ ორ პრინციპთან ერთად, არის გააქტიურებული საერთაშორისო თანამშრომლობა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – იქნება ეს მრავალეროვნული სწავლებები, მეტი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, თუ ნატო-საქართველოს სწავლებები, არის, სწორედ, ამ ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური კომპონენტის განმტკიცება შეკავების პრინციპის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია გახორციელდება, გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომლებიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეჩერებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ქვეყანაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
​მისი თქმით, ტოტალური თავდაცვის სხვა ძირითადი კომპონენტები, სამხედრო თავდაცვასთან ერთად, არის ეკონომიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური თავდაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები