ანა ბაგრატიონის ადვოკატი – დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოდან გაიქცა

„ეს ადამიანი გაიქცა“, – ამის შესახებ „კვირას“ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქართველოდან წასვლის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თავიდანვე არასწორი სტრატეგია აირჩია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, რის შედეგადაც “მეფე” იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.
„ეს ადამიანი გაიქცა. როგორც ჩანს, გამოძიების კითხვებს თავი აარიდა. მინდა, აღვნიშნო, რომ თავიდანვე არასწორი სტრატეგია აირჩია მისმა ადვოკატმა, იურიდიულად. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ციხეში წასულიყო. თუმცა, ველოდებოდით მისგან, თუნდაც, რაღაცის მონანიებას. საქმე ეხება ძალადობის ფაქტს. რადგან მეორე მხარე უარყოფს ამ ფაქტს, ჩვენ იძულებულები ვართ, მტკიცებულებებით ვამტკიცოთ, ჰქონდა თუ არა ძალადობის ფაქტს ადგილი. ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს ხელთ. დავით ბაგრატიონი სწორედ ამ მტკიცებულებებს გაექცა. ეს ადამიანი გაიქცა. იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და წავიდა. თავი აარიდა გამოძიების კითხვებს“, – განუცხადა „კვირას“ ლევან გორელიშვილმა. ამასთან, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო. „როგორც ჟურნალისტებისგან გავიგე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წასულა. ეს მის ადვოკატისგან გახდა ცნობილი, თუმცა, მე ადვოკატი ვარ და, ამ ეტაპზე, იმის მტკიცებულება არ მაქვს, მართლა დატოვა თუ არა დავით ბაგრატიონმა საქართველო“, – აღნიშნა ლევან გორელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა და მადრიდში გაემგზავრა. ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები