ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონესა და ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

ივანე მაჭავარიანმა კატარინა ჰანსენს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან იმედი გამოთქვა, რომ, მისი ხელმძღვანელობით, ბანკის რეგიონული ოფისი კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორთან.

როგორც ახალმა რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მას დიდი პოტენციალი აქვს შემდგომი განვითარებისთვის. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია, რისთვისაც EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციების შემდგომი ზრდითა და რეფორმების მხარდაჭერის გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები. ამასთანავე, ბანკის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ EBRD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: განათლება, ენერგეტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი კავკასიაში უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1-ელი აპრილიდან შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერა შეცვალა, რომელმაც ცენტრალურ აზიაში ბანკის მმართველი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები