ადვოკატი: სცენას, როგორ მიდის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დაკითხვაზე, ვერავინ ნახავს

“სცენას, როგორ მიდის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დაკითხვაზე ქალაქის პოლიციაში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს”, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხდა.
მისი თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდება იმის შესახებ, რომ ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად გაუსწორდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
„განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან, ჩვენს მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენას – როგორ ადის დავით ბაგრატიონ- მუხრანელი ქალაქის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, სცენას, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მიდის დაკითხვაზე ქალაქის პოლიციაში, ვერავინ ნახავს იმიტომ, რომ ეს ბრალდებები არის ცილისწამება. ეს არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, თუ დავით ბაგრატიონს დაკითხვაზე დაიბარებენ და საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარს იტყვის, დაეკისრება თუ არა მას პასუხისმგებლობა, ადვოკატი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში ბაგრატიონი აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად შეაფასებს.
„ეს ჩვენი მხრიდან უკვე შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა. ჩემი მარწმუნებელი ამას შეაფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ უარს ვიტყვით სასამართლოში გამოცხადებაზე. ჩემი მარწმუნებელი არ არის უბრალო მოქალაქე. უბრალო მოქალაქეები უპარტყუნებენ ცოლებს აქეთ-იქით, მარჯვნივ-მარცხნივ, მაგრამ ეს მედიას არ აინტერესებს. ჩემი მარწმუნებელი იმიტომ გახდა საინტერესო, რომ ის არ არის უბრალო მოქალაქე“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები