დავით ბაქრაძე: აფხაზეთის მოვლენები ეჭვს ბადებს, რომ პროცესები ყირიმის სცენარით მიმდინარეობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ყირიმის სცენარით მიერთების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, რომლის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
“ის, რაც დღეს სოხუმში ხდება, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს, მით უმეტეს, იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. სოხუმში მიმდინარე პროცესი, იქ გაჟღერებული მოთხოვნები, რომ აფხაზეთმა უნდა აირჩიოს რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის ზრდა, ის ფაქტი, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე პირდაპირ ითხოვს ეთნიკური ქართველების გასახლებას აფხაზეთიდან, ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე – ყველაფერი, სამწუხაროდ, ძალიან რეალურ ეჭვს წარმოშობს, რომ პროცესები აფხაზეთში იგივე სცენარით მიმდინარეობს, რა სცენარიც გამოყენებული იქნა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში, კერძოდ, ვითომდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან საბოლოოდ მიერთების და ანექსირების მიმართულებით.
მე მინდა, მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტოს უმოქმედოდ და ინერტულად ყოფნა და დღესვე დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მე მესმის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში პირდაპირი ჩარევის რესურსი არის ძალიან შეზღუდული, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია მთავარი რესურსი – დიპლომატიური ზემოქმედება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები