ადვოკატი: დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონის დედას გულის შეტევა დაემართა. მისი თქმით, ბაგრატიონის ესპანეთში გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ამ ძალიან უსიამოვნო პროცედურებს მოჰყვა ძალიან ცუდი შედეგები. ჩემი მარწმუნებლის დედას, გუშინ ღამით, მოუვიდა გულის შეტევა, როცა გაიგო, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იგი ჰოსპიტალიზებულია – ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივად არის გადარჩენილი. ის, ამ წუთას, მადრიდში იმყოფება. დავით ბაგრატიონი იძულებული გახდა, ესპანეთში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნებულიყო, როცა თავისმა დამ – ქალბატონმა მარია-ანტუანეტამ ეს ამბავი შეატყობინა”, – განაცხადა ადვოკატმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ შეეშინდა დავით ბაგრატიონს გამოძიებისა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს ასე არაა.

„არავითარ შემთხვევაში. გვაქვს დოკუმენტები მისი დედის ავადმყოფობის შესახებ. ამას გადმოგვიგზავნიან. მედიას მოგაწვდით ამ დოკუმენტებს. როგორც კი ჩავა ბაგრატიონი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას გადმომიგზავნის. ის დაკითხვაზე, დღეის მდგომარეობით, ჯერ არ დაბარებულა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 2 აპრილს, ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე გახორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მეტყველებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები