სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში პატიმრების თვითდაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა, პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანება მიიყენეს. როგორც „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს. მსჯავრდებულები, ამჟამად, დეესკალაციის საკანში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „კვირა“ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მსჯავრდებულმა გიორგი მარსაგიშვილმა, 2019 წლის 1-ელ აპრილს, 23:39 სთ-ზე, კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან ე.წ. „სპილენძის მავთული“ გაიყარა და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ, მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მათ მესამე მსჯავრდებული, შოთა დობაძიშვილიც შეუერთდა (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) – მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს. 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე, მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს, 23:25 სთ-ზე, საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ; ამასობაში კი თითებს შუა გაყრილი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული პატიმრები ერთმანეთს ჩაეხსნენ, ხოლო ციხის თანამშრომლებმა ისინი დეესკალაციის ოთახებში გადაიყვანეს. მანამდე, მსჯავრდებულები შეამოწმეს, თუმცა, რაიმე აკრძალული ან ბასრი ნივთი არ აღმოაჩნდათ. 23:48 სთ-ზე, დობაძიშვილმა, აღელვების ნიადაგზე, გაურკვეველი საშუალებით მიიყენა ორივე ხელზე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მცირეოდენი სისხლდენით. 10 წუთში, 23:52 სთ-ზე, გაურკვეველი საშუალებით მიიყენა მარჯვენა ხელის მეორე და მესამე თითებს შუა ნაკაწრი ჭოველიძემაც. სამივე შემთხვევის შესახებ საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში. მსჯავრდებულები, ამჟამად, დეესკალაციის საკანში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ – სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება. რაც შეეხება ვენტილაციას – უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24-საათიანი რეჟიმით, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად, დაწესებულების ვენტილაციას – იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება. პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ – რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები