2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ეთერში 30 მილიონი ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა გავიდა

2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა.
სარეკლამო შემოსავლების გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს ეთერში – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ჯამურად, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო.
“ორივე ტურის განმავლობაში, ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო – ჯამურად, ტელემაუწყებლებმა უფასოდ გრიგოლ ვაშაძეს, დაახლოებით, 9,752,702 ლარის ღირებულების რეკლამა განუთავსეს, მეორე ადგილს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რაოდენობითა და ღირებულებით დავით ბაქრაძე იკავებს, რომელმაც, დაახლოებით, 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა მიიღო. მესამე ადგილზე კახა კუკავაა, რომელსაც, დაახლოებით, 3,768,919 ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს, ხოლო მეოთხე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია – 2,647,891 ლარით.
რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას – ორივე ტურის განმავლობაში, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4,967,848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ ტელემაუწყებლებში 6 00,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა.
წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ზე”, ჯამურად, ორივე ტურის განმავლობაში, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი.
ამავე პერიოდში, “ტელეიმედზე” საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამა 5,270,800 ლარის იყო.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე გაახორციელა, რომლის წარმოდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით გახორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში
იხილეთ ანალიზი შემდეგ ბმულზე: http://www.gncc.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები