ირაკლი ზარქუა: თბილისის ბაგა-ბაღებში კვება სტანდარტებს შეესაბამება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით პრობლემებია, სიცრუეს უწოდებს. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ბაღები გეგმურად მოწმდება და, ტექნიკური შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის ზომებსაც მიმართავენ.
„ბაღებს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ბაგა-ბაღების სააგენტო პერიოდულად ამოწმებს. 13 ბაღში ჩატარებული შემოწმების შედეგად, მხოლოდ რამდენიმეში აღმოჩნდა შეუსაბამობა რძის პროდუქტების იმ ტექნიკურ რეგლამენტთან მიმართებით, რაც ჩვენ სტანდარტებით გვაქვს დადგენილი. მაგალითად, ყველი დამზადებული იყო რძის ფხვნილზე, ასევე ცხიმის ოდენობა ხაჭოსა და არაჟანში იყო დადგენილ სტანდარტებზე მეტი – ესეც ტექნიკური დარღვევაა. ამის გამო, კომპანია „ნილი“ დაჯარიმდა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მან ოპონენტებს მოუწოდა, სტატისტიკას გადახედონ, როგორ ამოწმებს მუნიციპალიტეტი ბაღებში კვების რაციონს. ირაკლი ზარქუას თქმით, საგანგაშო არაფერი ხდება. ეს არის ტექნიკური სახის შეუსაბამობა, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხისა და პრობლემის შემქმნელი არ არის. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში კვება სტანდარტების შესაბამისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები