„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტს, პრემიერმინისტრსა და საქართველოს მთავრობას მიმართავენ.
„სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ, საზოგადოება გავაფრთხილოთ საქართველოს მთავრობის თამბაქოს ინდუსტრიასთან შესაძლო გარიგების შესახებ. გონივრულ ეჭვს ბადებს შემდეგი: თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მთვარობა ვალდებული იყო, 2018 წლის ივნისამდე დაემტკიცებინა „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, დღემდე არ განუხილავთ. არადა, დადგენილების პროექტი მთავრობაში გაგზავნამდე ყველა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმდა. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ ამ პროცესებში ჩართულია თამბაქოს ინდუსტრია და სამთავრობო სტრუქტურებში მისი მხარდამჭერები მთავრობას კანონის მოთხოვნების დარღვევას აიძულებენ. თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ და გახურებად თამბაქოსაც, ხელისუფლების „დაბოლების“ პოლიტიკას განაგრძობს და მათ არწმუნებს, რომ აღნიშნული თამბაქოს პროდუქტები მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის, თითქოს, ნაკლები ზიანის შემცველია. მტკიცებულებად და არგუმენტებად კი, ძირითადად, მათ მიერვე ჩატარებულ ე.წ. კვლევების მონაცემები მოაქვთ. ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ, გასულ წელს, „ფილიპ მორისს“უფლება არ მისცა, ე.წ. გახურებადი თამბაქო „აიქოსი“ზიანის შემცირების პროდუქტად ეღიარებინა. ამიტომაც, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს, რაზეც მარცხს განიცდის განვითარებულ ქვეყნებში, დაბალი განვითარების ქვეყნებში მიაღწიოს. შესაბამისად, ძალისხმევას არ იშურებენ, საქართველოს მთავრობა დაიყოლიონ თამბაქოს ელექტრონულ პროდუქტზე გადასახადების შემცირებაზე, დაიშვას ამ ტიპის პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია, მათი გასინჯვის შესაძლებლობები (არომატების გასინჯვის მიზნით სპეციალურ მაღაზიებში მოწევის უფლება). ეს ყველაფერი დაარღვევს თამბაქოს კონტროლის კანონის სტრუქტურას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს წარმატებით აღსრულებად კანონს. ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესასოციაცია (რომლის წევრია კომპანია „ფილიპ მორისი“) სწორედ მთავრობის საშუალებით აპირებს, შეასუსტოს მოქმედი კანონი და სასათბურე პირობები შეუქმნას ელექტრონულ სიგარეტებსა და ე.წ. გახურებად თამბაქოს ნაწარმს. იმედია, მთავრობა არ გამოიჩენს სისუსტეს და არ “დაბოლდება“. მოვითხოვთ: პარლამენტმა, ზედამხედველობის ფუნქციიდან გამომდინარე, მოიკვლიოს, რატომ არ შეასრულა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, კონკრეტულად ვინ შეაჩერა მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანის პროცედურა; პარლამენტმა არ მიიღოს ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის – მთავრობის სახელით განსახილველად მიწოდებული თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომელთა საფუძველზე განზრახული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს. მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრს, განმარტოს, რატომ არ განიხილა მთავრობამ სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული დოკუმენტი და უკვე ცხრა თვეა, რატომ არ რეაგირებენ მასზე? ამასთან, აპირებს თუ არა და როდის აპირებს თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომის ჩატარებას, რომლის ხელმძღვანელიც თავად პრემიერია“, – აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები