“ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს”

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ამ ეტაპზე, ოცდაათამდე მოწმე გამოიკითხა. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის – ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურსცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. ასევე, გახორციელდა, სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით. ​ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები