„დირსში“ შეჭრილთა ნაწილს, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს”
ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მურად აბლოთიას ინფორმაციით, „დირსის“ კორპუსებში შეჭრილთა ნაწილს, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის, 200-მდე პირი „დირსის“ ორ კორპუსში რჩება. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ ერთ კორპუსში მყოფი 104 მოქალაქის შესახებ, რომელთა შორის, დაახლოებით, 15 პროცენტი დევნილი არ არის, 50 პროცენტზე მეტი კი, რეგიონებშია რეგისტრირებული და თბილისში ბინები არ ეკუთვნით. აღნიშნული პირებიდან 15 პროცენტს კი, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს“, – განუცხადა მურად აბლოთიამ “პირველ არხს”. ცნობისათვის, „დირსში“ შეჭრილ დევნილთა წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. თუმცა, უცნობია, დატოვებენ თუ არა შეჭრილები დაკავებულ კორპუსებს. დევნილების წარმომადგენლებს შეხვედრაზე განემარტათ, რომ ბინების გადაცემა დადგენილი სქემის მიხედვით მიმდინარეობს და „დირსის“ კორპუსებში შეჭრილებისთვის ამ პროცესში არანაირი დამატებითი შეღავათი იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. „დირსში“ 150-მდე ოჯახია შესული.