ლევან ამირიძე: ვანო მერაბიშვილი ჩვენს გვამებს ითხოვდა!
ამ კადრებში ვანო მერაბიშვილი ჩვენს გვამებს ითხოვდა – მას ჩემი, გია კრიალაშვილის და კობა ოთანაძის გვამები უნდოდა“, – ამის შესახებ „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე გასამართლებულმა ლევან ამირიძემ „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. პოლიტპატიმარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანის მოვლენებს ასახავს.
„ეს იყო მაშინდელი მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი. ვანო მერაბიშვილს სააკაშვილისგან პირდაპირი მითითება ჰქონდა, რომ ჩვენი ლიკვიდაცია მომხდარიყო. ჩვენი გვამები უნდა დადებულიყო! კარგად გვახსოვს, ჩვენ ძებნაში ვიყავით მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიწიდან უნდა ამოვეთხარეთ. უნდა დავსჯილიყავით ისე სამაგალითოდ, რომ მსგავსი რამ, დაახლოებით 20 წელიწადი აღარავის გაებედა…ეს იყო პირდაპირი დავალება და აგერ, საზოგადოებამ დღეს უკვე ნახა, რაც ხდებოდა სინამდვილეში… ბოლობოლო ეს კადრები სააშკარაოზე ვიღაცამ გამოიტანა… ნახეთ, როგორ ლაპარაკობს ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი გვამებზე, რომლებიც მას რაღაცის „გასაპრავებლად“ სჭირდებოდა…და მოხდა ისე, რომ ამ “სპეცოპერაციიდან” დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ღალატით მოგვეპარნენ და ჩაგვცხრილეს. გია კრიალაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის…მე და ოთანაძე კი ღმერთის სასწაულით გადავრჩით…
ეს ჩანაწერი მე დღეს პირველად ვნახე…ვფიქრობ, პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით. მათ უნდა გამოიძიონ და დადონ დასკვნა – ეს ამბოხი იყო, პროტესტი, თუ რა …რატომ მოკლეს გია კრიალაშვილი და რატომ ჩაგვცხრილეს ჩვენ იმ მანქანაში…. რისი გულისთვის…რატომ საუბრობენ ასე ადვილად ადამიანების ლიკვიდაციზე… ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და განაჩენი უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ.
მე პირადად ამ ვიდეოჩანაწერიდან არაფერი გამკვირვებია… მათ ჩვენნაირად ქუჩაში 245 კაცი, უდანაშაულო ხალხი ჩახოცეს“, – განაცხადა „კვირასთან“ ინტერვიუში ლევან ამირიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე ცოტა ხნის წინ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცოპერაციაზე ჩანან. ვანო მერაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეებს 2 ადამიანის მკვლელობას უკვეთავს.