ოხანაშვილი ბესელიაზე: სამწუხაროა, როცა პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომელთა შინაარსიც არ იცის

„ძალიან ბევრ ფაქტზე ხდება დროული რეაგირება, ბევრი საქმე გახსნილია და ამაზე სტატისტიკაც მიუთითებს“, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსა და პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, გამოწვევები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვერცერთ წარმატებულ ქვეყანაში გამოძიება საქმეთა 100%-ს ვერ ხსნის.
„ძალიან ბევრ ფაქტზე ხდება დროული და მყისიერი რეაგირება, ძალიან ბევრი საქმე არის გახსნილი და ამაზე მიუთითებს სტატისტიკა, თუმცა, არ არსებობს ქვეყანა, სადაც არის საქმეთა გახსნის 100%-იანი მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გამოწვევები არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. სამართალდამცველი ორგანოები ამას თვალს უსწორებენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა შესაძლო გამოწვევა და ხარვეზი აღმოიფხვრას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა თავის კოლეგას, ეკა ბესელიასაც უპასუხა. მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, რომლის პირადი ცხოვრების კადრებიც მისი კრიტიკული განცხადებების პარალელურად გავრცელდა, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შორის „კოლექტიური ტერორისტები“ არიან.
„სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ამ სიტყვების ავტორს არ ესმის, რას ნიშნავს ის სიტყვები, რასაც თვითონ წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომელთა შინაარსიც თვითონ არ იცის – ეს არის სამწუხარო ფაქტი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები