პირს, რომელმაც, შურისძიების გამო, ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი გულ-მკერდში დაჭრა, 17 წელი მიესაჯა

ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ხაშურში, გ.ლ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ.ხ-ს მუცლის არეში, ხოლო ო.თ.-ს გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად, ზ.ხ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ო.თ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა გ.ლ. 2018 წლის 30 ივნისს, ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები