მარიამ ჯაში: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული მეცნიერების განვითარებას

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას”,- ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამეცნიერო ფორუმის – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში”, შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა უმასპინძლა და მასში პარლამენტის წევრები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამეცნიერო ფორუმის – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში”, შემაჯამებელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მეცნიერების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის საკითხს და ფორუმის რეკომენდაციებს შეეხო.
„მთავარი მესიჯი არის ის, რომ მეცნიერება ბრუნდება სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებში”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში, პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ უახლოეს პერიოდში, არის პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ რომელ სამეცნიერო სფეროზე გამახვილდება განსაკუთრებული ყურადღება, როგორც ჩვენი სამეცნიერო ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე კომერციალიზაციის და საერთაშორისო რანგში საქართველოს მეცნიერების წარმოჩინების პერსპექტივების გათვალისწინებით.  ბუნებრივია, ქართველოლოგია, ჩვენი სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებები, როგორიც არის მეღვინეობა, ასევე, ხორბლის კულტურების ტრადიცია, პრიორიტეტული სფეროს მაგალითებია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სამეცნიერო წრეების და ასევე, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჩართულობით”,-განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
​მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა როგორც ქართველ მეცნიერებთან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს გააქტიურების მიმართულებით.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიმდინარეობს ძალიან ქმედითი რეფორმები, როგორც დაფინანსების ზრდის მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით”,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
​სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები