ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან დღეს 15 წელი შესრულდა.
საგამოძიებო სამსახურის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გახსნა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში იყოს ობიექტური და პრინციპული.
„ჯანსაღი ბიზნესგარემო გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნესსუბიექტისთვის, რაც კერძო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით, ძირითადი აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაზე და ამ პროცესში ევროპული მიდგომების დანერგვაზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მან საგამოძიებო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა ღონისძიების სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება უწყების თანამშრომელთა ძალისხმევით გამოვლენილ დანაშაულთა სტატისტიკურ მონაცემებზე და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებზე გაამახვილა.
„საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით, საგამოძიებო სამსახური ეფექტიანად ახორციელებს მთავრობის პოლიტიკას, რომლის მთავარი პრინციპი და ღირებულებაა, ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კანონიერი ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა. მსურს ჩვენს თანამშრომლებს მივულოცო პროფესიული დღე. მჯერა, რომ უწყების საქმიანობა მომავალშიც ეფექტური და წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოსო რამიშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე, სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომისთვის, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა უწყების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს და ისინი ვადამდელი სპეციალური წოდებებით დააჯილდოვეს.