დღეს ,,დედამიწის საათი 2019” აღინიშნება
ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის – “დედამიწის საათის” აღსანიშნავად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. აქტივობების ფარგლებში, ველომსვლელობა და 6 კმ-ის დისტანციაზე გარბენი გაიმართა, რომელშიც მოხალისეებთან ერთად, მონაწილეობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და არასამთავრობო, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გარემოსთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპორტული ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები დაურიგდათ, ხოლო გამარჯვებულები პარტნიორი ორგანიზაციების: “კარფურის”, “სანტეს“, ქართულ უნიკალურ ღვინოს, “დიდგორის” მიერ დაწესებული საჩუქრებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ,,დედამიწის საათი” პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველი მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.
,,დედამიწის საათისადმი” მიძღვნილი სპორტული ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ასევე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), CENN-ისა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის/ Austrian Development Cooperation მხარდაჭერით გაიმართა.