„დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“
„ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში.” მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით, 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება.
„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19-მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლებია შესული.