ილია II: პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ სკოლის პროგრამებში გალობა და ხალხური სიმღერა შევა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მან პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს სთხოვა, სკოლის პროგრამებში გალობა და ხალხური სიმღერა შესულიყო, რისი შესრულების დაპირებაც მიიღო.
„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა – ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება მხოლოდ ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება“, – განაცხადა ილია მეორემ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, ქართული გალობა და პოლიფონია ჩვენი უნიკალური შენატანია ქრისტიანულ ცივილიზაციაში. მისივე თქმით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება.
„კიდევ ერთხელ, მსურს, მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19-მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.