კონსტანტინე გამსახურდია: ჯერ კიდევ არის რესურსები, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ ოჯახს პროკურატურასთან ინტენსიური კავშირი აქვს.
„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კავშირები პროკურატურასთან და დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები. სხვათა შორის, 5 წლით გაგრძელდა საქმე და მე მოხარული ვარ იმით, რომ, ამ შემთხვევაში, ამ გაგრძელებას მხარი დაუჭირა როგორც სახელისუფლებო გუნდმა, ისე – ოპოზიციამ და ძლივს გაჩნდა პლატფორმა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები ერთ პოზიციაზე დადგენ და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის რესურსები, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ჩატარდეს ობიექტური და პროფესიონალური საგამოძიებო პროცესი.
„ჯერ კიდევ არის რესურსები, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, ობიექტური და პროფესიონალური საგამოძიებო პროცესი ჩატარდეს და, რასაკვირველია, დაიდოს სათანადო დასკვნა. ამ მიმართულებით არის უკვე დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები და ამას საზოგადოება შეიტყობს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.