თემურ მურღულია: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ევროპული დონის სასწავლებლად ჩამოყალიბდება
„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ევროპული დონის სასწავლებლად ჩამოყალიბდება, რომლის პარტნიორი მიუნხენის უნივერსიტეტი იქნება“, – აცხადებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ მურღულია.
როგორც მურღულია აღნიშნავს, იგი, ამჟამად, ბრიუსელში იმყოფება და არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორი „მაიკროსოფტიც“ გახდეს. სასწავლო დაწესებულების დროებითი მმართველი უნივერსიტეტის გარშემო ოპონენტების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, მით უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი“. თემურ მურღულია ამბობს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ. „რაც უფრო წინ მიდის ამ უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი. არ მიკვირს, რომ, პერიოდულად, ეს ტალღა გორდება და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ახლა ამბობენ, რომ ტექნოლოგიური, თითქოს, არ იქნება 60-ათასიანი. ვაცხადებ, რომ, როგორც კი უნივერსიტეტი 15-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდება, გაფართოების რესურსიც იქნება და უნივერსიტეტის ზრდა არ შეჩერდება. პირველივე წელს, ვიწყებთ 2 ათასის აკადემიური სიმძლავრით და მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრია. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ, პირველივე წელს, შეიძლება, უნივერსიტეტმა მიიღოს, თუნდაც, 15 ათასი ბავშვი, ეს არის არასერიოზული მიდგომა“,- აცხადებს თემურ მურღულია. მისი თქმით, აღნიშნული უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის და ამ საქმეში მთავარი პარტნიორი იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ,, ტექნოლოგიურში იქნება ძალიან მკაცრი გამოცდები, ეს უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის. მე, ამ წუთასაც, ბრიუსელში ვარ – ვხვდები „მაიკროსოფტს“, რომელიც შესაძლოა, გახდეს ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორი ბევრ სხვა პარტნიორთან ერთად. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გვეხმარება, ქუთაისის ტექნოლოგიური ვაქციოთ ევროპული დონის უნივერსიტეტად. უნივერისტეტი იზრდება, შენდება, ვითარდება და იმ ხალხს, რომელიც 6 თვის წინაც იძახდა – უნივერსიტეტი ტყუილია და ფარსიაო, ეს, რა თქმა უნდა, არ უხარია. რამდენი ტყუილიც უნდა გაავრცელონ, ფაქტი სახეზეა – უნივერსიტეტი შენდება, სტუდენტებს მიიღებს, განვითარდება და ეტაპობრივად გავა სრულ დატვირთვაზე“, – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ მურღულიამ.