სიმღერას “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” მხოლოდ კაცები შეასრულებენ – ჯემალ სეფიაშვილის განმარტება
კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სიმღერას “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” მხოლოდ კაცები შეასრულებენ, 9 აპრილს, 15:00 საათზე, მოქალაქეები “პირველ არხთან” აქციას გამართავენ.
მათი მოთხოვნაა, ეთერში არ გავიდეს სიმღერის ახალი ვერსია, სადაც ქალი შემსრულებლები არ იქნებიან. “მოვუწოდებთ “პირველ არხს”, არ გაუშვათ 30 წლის თავზე, 9 აპრილს, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში ამ სიმღერის უნამუსო პრეზენტაცია! მოვუწოდებთ იმ 25 მომღერალ კაცს, არ მიიღონ ამ სამარცხვინო ჩანაწერში მონაწილეობა! მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ის 17 ქალი ქვეყნის დაცვის სიმბოლოა – ნუ მიიღებთ ამ სამარცხვინო აბსურდის თეატრში მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ 17 ქალისა და კიდევ უამრავი სხვა ქალის შეურაცხყოფა, რომელმაც საკუთარი სამშობლოსთვის გაწირას თავი!”, – წერია აქციის ანონსში. ხოლო რაც შეეხება ჯემალ სეფიაშვილის განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით – იგი ამბობს, რომ ქვეყნის დამცველი მამაკაცია და, ამიტომ, ამ სიმღერას მამაკაცები შეასრულებენ. “მივიჩნევ, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და, სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”, – ამბობს სეფიაშვილი. ცნობისათვის, მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი კომპოზიცია – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” 1989 წლის 9 აპრილის ერთგვარი ჰიმნია. პირვანდელ ვერსიაში მას ქართველი ქალი და კაცი მომღერლები ასრულებენ. შეგახსენებთ, ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერის ახალი ვერსია ჩაიწერება. თუმცა, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, სიმღერას “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” მხოლოდ კაცები შეასრულებენ. ახალი ჩანაწერი “პირველი არხის” ეთერში გავა. 1989 წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასეულობით ადამიანს შორის ბევრი ქალი იყო. 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა უმეტესობაც ქალია. ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ, 9 აპრილის ღამეს, 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.