თეა წულუკიანი აშშ-ის ანგარიშზე: მივესალმები, რომ ანგარიში ხაზს უსვამს იმ პოზიტივს, რაც გულისხმობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში
“ამ ფაქტობრივ ცდომილებებზე, ალბათ, აუცილებელი იქნება მუშაობა შესაბამის პარტნიორებთან და ჩვენს კოლეგებთან, მაგრამ რამე განსაკუთრებულ უარყოფით მომენტს ამ ანგარიშში, მე პირადად, ვერ ვხედავ”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩანაწერს, რომ „2018 წლის ივლისში, საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ანგარიში ხაზს უსვამს პოზიტივს, რაც საქართველოში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას გულისხმობს. „მთლიანობაში, მივესალმები იმას, რომ ანგარიში ხაზს უსვამს იმ პოზიტივს, რაც გულისხმობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებას საქართველოში, სადაც ნარკოტიკის მომხმარებელს სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინო, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ზიანის შემცირებას და უფრო მკაცრად უნდა ებრძოდეს რეალიზატორების საქმიანობას. რა თქმა უნდა, ამ ფაქტობრივ ცდომილებებზე, ალბათ, აუცილებელი იქნება მუშაობა შესაბამის პარტნიორებთან და ჩვენს კოლეგებთან, მაგრამ რამე განსაკუთრებულ უარყოფით მომენტს ამ ანგარიშში, მე პირადად, ვერ ვხედავ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, სხვა მიმართულებებთან ერთად, საუბარია იმაზე, რომ „საქართველოში კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახდა“.