სასამართლომ სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციონერი, ბადრი წილოსანი გაამართლა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციების 25% ბადრი წილოსანს დაუბრუნდა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარხნის ერთ-ერთმა აქციონერმა, ბადრი წილოსანმა გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბადრი წილოსანის მოპასუხე მხარე კომპანია თ.ჯ. თრეიდის წარმომადგენელი ავთანდილ საყვარელიძე იყო, რომელსაც 28 000 000 ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა. ბადრი წილოსანი, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კმაყოფილია და აცხადებს, რომ „სამართლიანობამ, საბოლოოდ, გაიმარჯვა“.
„სამართლიანობა საბოლოოდ იმარჯვებს! მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასრულდა ჩემს საკუთრებაში არსებული სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ 25% აქციებზე სასამართლო დავა. ჩემს მოდავეს წარმოადგენდა კომპანია თ.ჯ. თრეიდი – ავთანდილ საყვარელიძე, რომელსაც, პირიქით, ჰქონდა 28 000 000 ლარის დავალიანება. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ქარხნის აქციების 25% კვლავ ჩემს საკუთრებაში დარჩა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი სიმართლე. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ აღნიშნული პიროვნება ბოლო რამდენიმე წელია, დაკავებულია ჩემი მისამართით ცრუ ბრალდებების გავრცელებით. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მოგებული მქონდა ერთი დავა, რომლის ფარგლებშიც დაეკისრა ჩემ მიმართ გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და ბოდიშის მოხდა, თუმცა, რეპუტაციულად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დასრულებული სასამართლო, რომლითაც მართლმსაჯულებამ საკადრისი პასუხი გასცა ამ პიროვნებას. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვამცნო, რომ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყანაში ჩემ მიერვე დაწყებული საქმის – ვაგონმშენებლობის აღორძინება და მისი დაცვა ყველა არაკეთილმოსურნისგან, რასაც ჩემს თანამებრძოლებთან, ჩემს კოლექტივთან ერთად წარმატებით გავართვი თავი და რასაც მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებ“, – ნათქვამია სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციონერის, ბადრი წილოსანის განცხადებაში.