ბიძინა ივანიშვილი: მიიჩნიეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ის მუზეუმის შექმნას დააფინანსებს. ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებითვე, მუზეუმის გარშემო დასასვენებელი პარკი გაკეთდება და ეკლესია აშენდება.
ხიბულაში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გეცნო. მან ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ.
„მიიჩნიეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა”, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ამის გარდა, როგორ მთავარი, ისე შიდა გზების, რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ადგილობრივებს იგი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს” თავმჯდომარეს, ნიკო ჩხეტიანს ადგილზე მისცა.