მარიამ ჯაში, ინგა შამილიშვილთან და ლაშა კომახიძესთან ერთად, ბათუმის სკოლა „გორდას” ეწვია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ბათუმის სკოლა „გორდას” ეწვია.
კომიტეტის თავმჯდომარე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო იმ არაფორმალურ და ფორმალურ აქტივობებს, რომელთაც სკოლა მოსწავლეებში შემეცნებითი უნარების განვითარებისა და თანამედროვე სკოლის მოთხოვნების საპასუხოდ ახორციელებს. ისინი, ასევე, შეხვდნენ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუმრად მყოფ ლატვიის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვესტუმრეთ სკოლა „გორდას”, რომელიც 17 წელია, ინოვაციური მიდგომებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლას საინტერესო გამოცდილება აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. “გორდაში” დავესწარით გაკვეთილებს და გავეცანით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პროცესში ლაბორატორიულ სამუშაოებს. საინტერესოა, რომ ამ სკოლაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად, ინტეგრირებულია ქართული ტრადიციული სახელოვნებო მიმართულებები”, – განაცხადა ჯაშმა.
მარიამ ჯაშმა სკოლა „გორდას” 2016-2017 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებიც დააჯილდოვა.