მარიამ ჯაში ბათუმს 135-წლიანი ისტორიის მქონე თეატრის შენობის განახლებას ულოცავს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე – მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. საზეიმო გახსნაზე წარმოდგენილი იყო დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
„მინდა, მივულოცო ბათუმსა და მთელს აჭარას ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. დღეს, განახლდა ბათუმის თეატრის 135-წლიანი ისტორია. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუს”, რომლის მხარდაჭერითაც 15 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა თეატრის სრული რეაბილიტაციისა და მისი თანამედროვედ აღჭურვისთვის”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
თეატრის შენობას ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა, ისტორიულ შენობაში ავთენტურობა დაუბრუნდა უნიკალურ კედლისა და ჭერის მხატვრობას.
გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები, თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, შეიცვალა გათბობა – გაგრილების სისტემები და ინვენტარი. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბათუმის დრამატულ თეატრს, უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს.
აღდგენილი შენობა საშუალებას მისცემს თეატრს, გაახორციელოს დაგეგმილი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელზე მუშაობაც დაწყებულია.