მარიამ ჯაშმა ჩაისუბნის პანსიონი მოინახულა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა-პანსიონში სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე მარიამ ჯაშმა სკოლა-პანსიონების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მზაობა დაადასტურა. „ქობულეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეწვიეთ ჩაისუბნის პანსიონს, რომელიც, დღეისთვის, ემსახურება 22 ბავშვს, ძირითადად – სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ზოგადად, აღნიშნული სერვისი არის მილევადი რეჟიმით, რადგან ჩენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული ბავშვი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. თუმცა, პანსიონების ბაზები, შესაძლოა, ეფექტურად იყოს გამოყენებული სახელოვნებო და სპორტული არაფორმალური განათლების პროგრამების ხელშესაწყობად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას როგორც განათლების, ასევე – ჯანდაცვის უწყებებთან. უახლოეს პერიოდში, უნდა მოხდეს შეჯერებული პოზიციის შემუშავება აჭარის მასშტაბით მოქმედი პანსიონების შემდგომი ფუნქციური დატვირთვის თაობაზე”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.