პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ მოზარდს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის “იუთუბზე” გავრცელების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან მირიან მჟავანაძეს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მჟავანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
მოზარდის ადვოკატის, ლევან დავითაიას განცხადებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რადგან გირაოს თანხა, ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია. ამასთან, ადვოკატი 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მისივე განცხადებით, მჟავანაძე ბრალს აღიარებს. დავითაიას თქმით, ბრალდებულმა ვიდეო “იუთუბზე” საკუთარი არხის პოპულარიზაციისთვის განათავსა და სხვა მიზანი მის ქმედებას არ ჰქონია.
„ეს ვიდეო მირიან მჟავანაძემ მიიღო სოციალურ ქსელში კონკრეტული პროფილიდან, რომელიც გამოძიებისთვის ცნობილია”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, “ფეისბუქის” მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო მჟავანაძეს გაუგზავნა, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში სხვა ბრალდებულების საქმეშიც ფიგურირებს.
საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, აღნიშნული ფეისბუქმომხმარებლის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი მის ვინაობას არ ასახელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები