როგორი იქნება განახლებული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები რეაბილიტაციის შემდეგ-კახა კალაძე სამუშაოებს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.
როგორც მან სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში ხორციელდება:
•შენობის ფასადების სხვადასხვა მასალით მოპირკეთება;
•ხის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი;
•ქუჩიდან შენობებში შესასვლელი ქვის კიბეების მოწყობა;
•შშმ პირებისთვის პარკინგიდან ამოსასვლელი ლიფტების მონტაჟი;
•ეზოს მხარის ფასადის ხის შუშაბანდების დამუშავება და ღებვა;
•150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის კეთილმოწყობის სამუშაოები;
•სობჩაკის ქუჩის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოები;
•ქუჩების გარე განათებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისთვის საკაბელო ქსელების მოწყობა; •ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები. სრულიად ახალ ლოკაციაზე გაკეთდება სპეციალური სავაჭრო-საგამოფენო სივრცე ყვავილებით მოვაჭრეთათვის და მოწესრიგდება იქ არსებული სარეკრეაციო სივრცეები. თბილისის ძველ უბანს შეემატება კიდევ ერთი, ტურისტულად აქტიური საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელისა და ხიდის, ფურცელაძისა და ფხოვის ქუჩების ნაწილს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები.
შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები. მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება. აღნიშნული მონაკვეთი დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის რეაბილიტირებული მონაკვეთი მუშთაიდის ბაღიდან იწყება, დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნამდე. ​ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები