შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, “ნაცმოძრაობის” წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი – 1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი მოგვიანებით უნდა გადაეცა.
შ. მ. და რ. ა, ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ა, მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები