ელენე ხოშტარია: საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნის პროცესი მიმდინარეობს
“საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნის პროცესი მიმდინარეობს”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ მმართველ გუნდში არსებული უთანხმოება.
ხოშტარია ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფას ემსახურება.
„საერთოდ არ მაინტერესებს, პიროვნულად ერთმანეთთან ვის რა დამოკიდებულება აქვს. ადამიანი როგორც უნდა გძულდეს, პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჯოჯოხეთია. ვიღაც ახალგაზრდები დაიჭირეს იმაზე, რომ ვიდეო შემთხვევით ჩართეს და, ამ დროს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის – ეს ყველაფერი ვის ინტერესებში იყო, ვინ დადო ვიდეო, რატომ დადო, როგორ ხდება სისტემური ჯოჯოხეთი და ა.შ. იმას უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, სისტემური ჩავარდნა გვაქვს, პარლამენტის შეურაცხყოფას ვუყურებთ, რადგან ლაპარაკობენ პიროვნულ კინკლაობასა და იმაზე, ვინ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილთან. ეს ხდება მაშინ, როცა უმწვავესი პრობლემები გვაქვს – დაწყებული სარალიძის საქმით, დამთავრებული სოციალური მუშაკების პრობლემებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.