მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიაზე: არ მგონია, რომ სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ, რათა ის საინფორმაციო ველზე აქტუალური იყოს

“პარლამენტის გადაწვის დაბრალებაღა გვაკლდა – დანარჩენი ყველაფერი დაგვბრალდა, თუ რამე შეიძლებოდა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით ეკა ბესელიას კრიტიკას.
მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბესელია განაწყენებული ადამიანია, რომელიც ბრალდებებით საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. მდინარაძის თქმით, უმრავლესობამ ყოფილი თანაპარტიელის განცხადებების კომენტირებას თავი უნდა დაანებოს.
“რეალურად, ქვეყნის წინაშე არის ბევრი პრობლემა, ბევრი გამოწვევა. საპარლამენტო საქმიანობა არის ძალიან გააქტიურებული. პარლამენტში მინისტრები ლამის ყოველ დღეს დადიან. ამ საკითხების ნაცვლად, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ ვის რას დააბრალებს, რომელ ტყუილს გამოიგონებს და ადამიანი, რომელიც არის განაწყენებული, რას იტყვის. შემდეგ ამაზე პასუხის გაცემა, თავის მართლება, იქეთ რაღაცის თქმა – ეს ყველაფერი არასერიოზულ სახეს იძენს. ჩვენ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ და არა – იმ ტყუილებსა და დაბრალებებზე, რაც პროცესს ბოლო პერიოდში გასდევს. არ მგონია, რომ ჩვენ სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ და ამ ადამიანს მეტი საშუალება მივცეთ, რომ საინფორმაციო ველზე აქტიური და აქტუალური იყოს. ეს არის არასერიოზული. მოსახლეობას ეს არ აინტერესებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს, ეკა ბესელია გამოეხმაურა.
„სანამ პარლამენტს გადაწვავს, ეგებ, პატრონმა უშველოს, ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასაც” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები