იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ნატოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად, JTEC-ს საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინა.
ღონისძიების ბოლოს, იენს სტოლტენბერგი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება და მასში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები – “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) – რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება – პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) უწევს.
წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები