ადვოკატი ე.წ. უდოს კომისიაზე: ერთადერთი გამოსავალი რჩებათ, დაუყოვნებლივ იმსჯელონ და მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე დაუყოვნებლივ იმსჯელონ.
როგორც ჟურნალისტებს გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ის კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომლითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.
“სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომლებიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა, ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას (რაც ჩვენ გვქონდა გასაჩივრებული თავის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული), რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები